სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2345
78101213
141517181920
21232627
2829 

2021-11-09 - „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის მოქმედების არეალი გაფართოვდება

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის მოქმედების არეალის გაფართოებასა და ვაქცინაციის წამახალისებელ სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს; დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.
ამასთან, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 755 046 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 693 129 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 10 509 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 46 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1 302 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 916 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19