სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2829

2020-02-25 - საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე, გვიან ღამით, სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე, გვიან ღამით, სახელმწიფო დროშა დაეშვა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით - „საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ“, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო დროშები ეშვება და ერი პატივს მიაგებს ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლას შეწირულ, კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპულ იუნკრებს და ყველას, ვინც კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა.

#საჭოთაოკუპაციისდღესენაკში
#დიდებაგმირებს
#არაოკუპაციას

Facebook

2020-02-25 - სენაკში, საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნა

99 წელი გავიდა ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის ავბედითი თარიღიდან - 1921 წლის 25 თებერვლიდან. ამ ტრაგიკული მოვლენის შედეგად, საქართველო თავისი ეროვნული განვითარების გზას 70 წლის მანძილზე იყო მოწყვეტილი.

ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, 19-დან 25 თებერვლის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეთათვის ფილმის ,,სატელეგრაფო ოკუპაციის“ ჩვენება მიმდინარეობდა, რომელშიც დეტალურადაა გადმოცემული ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფოს გასაბჭოება.

დღეს, სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში, კვირეულის დასკვნით ღონისძიებას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფილმის პრეზენტაციის შემდეგ, კვირეულის მონაწილე ყველა მოსწავლეს ტრაგიკული მოვლენების ამსახველი საცნობარო ბუკლეტები დაურიგდა.

საბჭოთა ოკუპაციის დღეს ასევე მიეძღვნა ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გამართული თემატური საღამო, სადაც გამომსვლელებმა საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ შედეგებზე ისაუბრეს. ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით წარიმართა.

დღეს, სენაკში, კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლას შეწირულ კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპულ იუნკრებს და ყველას, ვინც კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ გალაშქრებას შეეწირა.

#საბჭოთაოკუპაციისდღესენაკშ
#დიდებაგმირებს
#არაოკუპაციას

Facebook

2020-02-25 - ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწის,დონარა მიმინოშვილის ხსოვნის საღამო

დღეს, მშობლიურმა ქალაქმა თავისი კიდევ ერთი ღირსეული შვილი - რევაზ ლაღიძის პრიზისა და ოქროს მედლის მფლობელი საქართველოს სახალხო ანსამბლის - ,,კოლხური ტრიოს“ ხელმძღვანელი, ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწე, ცნობილი ლოტბარების - ლონგინოზ და ვახტანგ მიმინოშვილების შთამომავალი, დონარა მიმინოშვილი გაიხსენა. სენაკის სამხატვრო გალერეამ შემოქმედი ქალბატონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ გამოფენას უმასპინძლა. მოგონებები მეგრული ფოლკლორის მოამაგესა და უბადლო შემსრულებელზე, ყველასათვის საყვარელი სიმღერების ავტორზე, რომლებიც, დღემდე, ,,კოლხური ტრიოს“ სავიზიტო ბარათია... დონარა მიმინოშვილის ქალ-ვაჟის - ეკა და ირაკლი კოღუების სულში ჩამწვდომი ჰანგები... ,,კოლხური ტრიოს“ მიერ ტკივილითა და მონატრებით გაჯერებული მელოდიები... ეკრანზე გაცოცხლებული თითქმის ნახევარსაუკუნოვანი, საყოველთაოდ აღიარებული ტრიოს წარმატებული შემოქმედებითი გზა... ერთი მთლიანობა - დონარა, დარეჯან, ბელა... ამონარიდები დონარა მიმინოშვილის მიერ შესრულებული სახასიათო როლებიდან... კადრები ბოლო საიუბილეო საღამოდან და... შემოქმედებითი გზის გაგრძელება ხელოვანის შვილთან ერთად... – ეს იყო ემოციებით დატვირთული ხსოვნის საღამო, ანსამბლების ,,ეგრისი“, ,,მუსიკელი“, ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანის“ მსახიობების, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმზანიის მოსწავლის, ნინო ძიგუას მონაწილეობით. დონარა მიმინოშვილის დაბადებიდან 70 და გარდაცვალებიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ხსოვნის საღამოს, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სპეციალისტს - ცირა ჯოლიას მიჰყავდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხსოვნის საღამო მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31