სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181921222324
25262728293031

2019-08-08 - აგვისტოს ტრაგიკული დღეების გახსენება სენაკში

საქართველოს უახლესი ისტორიის, აგვისტოს ტრაგიკული დღეებიდან 11 წელი გავიდა.

დღეს დილიდან, ხსოვნის მემორიალთან შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ომში გმირულად დაღუპული სენაკელი გმირებისა და 8 აგვისტოს ტრაგედიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახების წევრები.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი კალანდარიშვილმა, თვითმმართველობის, მერიას დაქვემდებარებული ცენტრებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაცემულ მეომართა და რუსეთის აგრესიას შეწირულ მოქალაქეთა ხსოვნას.

ხსოვნის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, წმ. იოანე ნათლისმცემლის სენაკის საკათედრო ტაძარში, აგვისტოს ომის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

აგვისტოს ხუთდღიანი ომის სისასტიკე, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მძიმედ, სწორედ სენაკმა იწვნია.

რუსეთ-საქართველოს ომმა 408 ადამიანის სიცოცხლე იმსხვეპლა.

აგვისტოს ავბედით დღეებში სენაკმა ორი მებრძოლი - თემურ ბოკუჩავა, ლევან თეფანია და სამი მშვიდობიანი მოქალაქე - მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები - დაკარგა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2008 წლის აგვისტოს ომში და ავღანეთში, ISAF-ის მისიაში, დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა.

#11წელიაგვისტოსომიდან
#ჩვენგვახსოვს8აგვისტო
#დიდებაჩვენსგმირებს
#მშვიდობითმოვიგებთომს

Facebook

2019-08-08 - 🌺 გმირი, რომლის მაგალითზე თაობები აღიზრდებიან...

8 აგვისტოს 25 წლის კაპრალი თემურ ბოკუჩავა, ცხინვალის მისადგომებთან, გმირულად დაეცა.

დღეს, აგვიტოს ომიდან მე-11 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალის თემურ ბოკუჩავას საფლავი.

თემურ ბოკუჩავა 1983 წელს, სოხუმში დაიბადა. ათი წლის ყმაწვილს მტერმა მშობლიური ქალაქი დაატოვებინა და დევნილობის მძიმე ხვედრი არგუნა.

თემური ვერც კი წარმოიდგენდა, რომ აფხაზეთის მეშვიდე სკოლა, სადაც ის სწავლობდა, წლების შემდეგ მისი სახელობის გახდებოდა...

2008 წლის ავბედით 8 აგვისტოს, მეუღლეს, მაია ცეცხლაძე-ბოკუჩავას დაბადების დღე მიულოცა, თან დაამშვიდა და თითქოს დაუბარა კიდეც, შენში ვაჟკაცი გოგო იმალება და შვილს მიმიხედეო...

სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში თემური მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.

ობლად დარჩენილი 2 თვის ალექსის დედამ, მაია ცეცხლაძე-ბოკუჩავამ, თემურის დაღუპვის შემდეგ, მეორე ქვეით ბრიგადაში ქვეყნისათვის მსახურების გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, ალექსი 11 წლისაა, მამის სახელობის სკოლაში სწავლობს. ისიც, მამის მსგავსად, აფხაზეთში დაბრუნებაზე ოცნებობს... სამხედრო სამსახურში მყოფ დედას ვაჟის ოცნების რეალობად ქცევაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს.

 



#ისტორიებიგმირებზე
#დიდებაჩვენსგმირებს
#მშვიდობითმოვიგებთომს

Facebook

2019-08-08 - 🌺 აგვისტოს ომის 11 წლისთავი სენაკში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავი ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში, ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, ომის ამსახველი ფოტომასალებისა და ნამუშევრების გამოფენით და თემატური ღონისძიებებით აღინიშნა, რომელთაც მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოს, ხსოვნის მემორიალთან, აგვისტოს დღეების ამსახველმა ფოტოქრონიკამ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ტკივილიანი ფურცლები კიდევ ერთხელ გააცოცხლა.

მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდა მსახიობთა მიერ წარმოდგენილ იქნა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია, რომელშიც მონაწილეობა თემურ ბოკუჩავას ვაჟმა, ალექსიმ, მიიღო.

ომის ქარცეცხლიანი დღეები და მებრძოლების თავდადება დეკანოზმა იოსებ ესაკიამ გაიხსენა.

2019 წლის 8 აგვისტო სენაკში, ნიშნად ქვეყნის გამთლიანებისა, სიმბოლურად, სანთლებით აკიაფებულმა, ერთიანი საქართველოს გამოსახულებამ დაასრულა.
 
#ჩვენგვახსოვს8აგვისტო
#დიდებაჩვენსგმირებს
#მშვიდობითმოვიგებთომს
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31