სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
2122
 

2019-07-07 - წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს გილოცავთ!

,,იყო კაცი მოვლინებული ღვთისა მიერ და სახელი მისი ,,იოვანე” - გვაუწყებს სახარება.

დღეს, მართლმადიდებლური სამყარო წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს.

უფლის წინამორბედის სახელობის დღესასწაულები სენაკში, მისსავე სახელობის საკათედრო ტაძარში, განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა.
ზემო თეკლათის დედათა მონასტერში დაბრძანებულია დიდი სიწმინდე - იოანე ნათლისმცემლის თითის ნაწილი, რომელსაც, წმინდანის სახელობის დღეებში, მომლოცველები სასოებით ემთხვევიან.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს გილოცავთ!

Facebook

2019-07-07 - რესოციალიზაციის პროგრამის მესამე ეტაპი ნოქალაქევში

დღეს, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი, უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ კომპლექსში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას და არქეოლოგიური გათხრების პროცესს გაეცნენ. საპატიო სტუმრებმა ექსპედიციის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი, უკრაინელი და ესტონელი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამის მესამე ეტაპი მიმდინარეობს.

უპრეცენდენტო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, უკრაინასა და ესტონეთში საქართველოს საელჩოების, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროების ორგანიზებით ხორციელდება და ისტორიული ნაქალაქარის ქართულ-ინგლისურ არქეოლოგიურ სამეცნიერო ექსპედიციაში ვეტერანი სამხედროების ჩართულობას მოიცავს.

ამ ეტაპზე, სამეცნიერო ექსპედიციაში ჩართული ოთხი ქართველი და ოთხი უკრაინელი ვეტერანი სამხედრო პირი, ერთი თვის მანძილზე, საველე და ლაბორატორიულ სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას. საერთაშორისო ექსპედიციას როტაციის პრინციპით, უახლოეს დღეებში, ქართველი და ესტონელი ჯარისკაცების ჯგუფი შეუერთდება.

ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობის მიზნით, მიმდინარე წელს ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანების, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო პირების, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას ითვალისწინებს. ➡ამ ტიპის თანამონაწილეობასთან ერთად, მემორანდუმი სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმ-ნაკრძალებსა და მუზეუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების საფასურის გარეშე მომსახურებით სარგებლობასაც მოიცავს.

Facebook

2019-07-07 - ციხე-გოჯიდან აღქმული ,,ექვთიმე ღვთისკაცი’’

წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, ციხე-გოჯის ისტორიული ქონგურების გარემოცვაში, ცნობილი ქართველი რეჟისორის ნიკოლოზ ხომასურიძის ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმის ,,ექვთიმე ღთისკაცის’’ საჯარო ჩვენება გაიმართა.

საქართველოს სიყვარულს, ეროვნული ფასდაუდებელი საგანძურის დაცვას შეწირული დიდი ქართველი მამულიშვილის ცხოვრება და მისი თანამედროვე პერიოდის ისტორიული ქარტეხილები, ნოქალაქევის საუკუნეებგამოვლილი კედლის ეკრანიდან აღქმული, მაყურებელში განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავდა.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ინიციატივით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გამართულ ჩვენებას მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ნოქალაქევის ქართულ-ბრიტანული ექსპედიციის, ქართულ-ინგლისური საზაფხულო სკოლის და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

ფილმის ჩვენება, რომელიც საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის, ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს, უკვე მეორედ შედგა სენაკში. ფილმში მთავარ როლს გერმანიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს და იგი ქართული საზოგადოების შემოწირულობით შეიქმნა.

უაღრესად პატრიოტული და ზნეობრივი მაგალითების მომცემი ფილმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს იოანე ნათლისმცემლის სენაკის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიოსერმა ნიკოლოზ ხომასურძემ ,,ექვთიმე ღვთისკაცის’’ შექმნის ისტორიასა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ფილმის გადაღებასთან დაკავშირებული მომენტებო გაიხსენა შემოქმედებითი ჯგუფის წევრმა, ფილმში გალაკტიონ ტაბიძის როლის შემსრულებელმა ლაშა კანკავამ.

შთამბეჭდავი საღამო, ბოლო აკორდად, ერთობლივ სამახსოვრო ფოტოზე აღიბეჭდა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31