სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
21222324252627
282930 

2019-04-14 - 14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს

14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს.

ეს დღე ძვირფასია ყველა ჭეშმარიტი ქართველისთვის, მათთვის, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ ილიასეული სამება - ,,ენა, მამული, სარწმუნოება’’ - არის ჩვენი ეროვნული მრწამსი და არსებობის ქვაკუთხედი.

ამასთან, ეს დღე გვავალებს, ვიყოთ ჩვენი ფასდაუდებელი საგანძურის ღირსეული მემკვიდრენი - დავიცვათ, გავუფრთხილდეთ, სისხლხორცეულად ვგრძნობდეთ და გვიყვარდეს ენა ქართული.

როგორც ცნობილია, ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება,როცა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, რასაც ქვეყნის მოსახლეობა, ინტელიგენციასთან ერთად დაუპირისპირდა.

ქართული საზოგადოება წინ აღუდგა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ათასობით მოქალაქის საპროტესტო გამოსვლამ, რომელთა მოთხოვნას ფარულად არაერთი პარტიული ფუნქციონერი თანაუგრძნობდა, თავისი შედეგი გამოიღო. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საბჭოთა იმპერია იძულებული გახდა ხალხისათვის დაეთმო და საბოლოოდ, ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომ საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო ენა იყო ქართული, უცვლელი დატოვა. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

გილოცავთ ამ უმნიშვნელოვან თარიღს ქართველი ერის თვითმყოფადობისთვის ბრძოლის ისტორიაში.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

2019-04-14 - ,,ანი"-დან ,,ჰოე"-მდე...

,,ენა საღვთო რამ არისო“ - ბრძანებს დიდი ილია. ,,მისი წახდენა ერის დაცემააო“ - გვმოძღვრავს პოეტი. ენას ძეგლი აუგო ქართველმა... დღე სასწაულიც დაუნიშნა - 14 აპრილი... - ასე დაიწყო დედა ენის დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი, რომელშიც მონაწილეობა ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის“ ნორჩმა მსახიობებმა მიიღეს. ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორი მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი იყო, მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,ჩვენ, მომავალმა თაობამ, არა მხოლოდ პატივი უნდა მივაგოთ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური დამწერლობის მქონე ქართულ ენას, არამედ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ, სათანადოდ დავაფასოთ და გვიყვარდეს იგი.“ ,,დაიცავი დედა ენა! არა - ბარბარიზმს!“- ამ გზავნილებით დასრულდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში გამართული ღონისძიება, რამაც ქართული ენის უნიკალურობასა და სიდიადეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31