სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
21222324252627
282930 

2019-04-09 - ოცდამეათე 9 აპრილი სენაკში

,,მადლობა თავისუფლებისთვის“ - ასეთია ოცდამეათე 9 აპრილის გზავნილი მთელი საქართველოსთვის. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი გარდამტეხი თარიღი დღეს, სენაკში, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. დილიდან, 9 აპრილის სკვერში, სადაც სისხლიანი კვირის მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო, თავი მოიყარეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი კალანდარიშვილმა, საკრებულოს წევრებმა, სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს ქვეყნისათვის ზვარაკად შეწირულთა ხსოვნას. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა. საქართველოსთვის შეწირულთა ხსოვნასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ თარიღებს მიეძღვნა სენაკის სამხატვრო გალერეაში ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, რომლის შემდეგაც, სამხატვრო და სამუსიკო სკოლების მოსწავლეების მიერ მოიხატა სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. კვირეულის ფარგლებში, სენაკის სპორტის სასახლეში, გაიმართა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ჩემპიონატი კალათბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, ფოთის, სენაკისა და სამტრედიის ნორჩ კალათბურთელთა გუნდებმა. ტურნირის დასრულების შემდეგ, გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა 9 აპრილისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. 9 აპრილისადმი მიძღვნილ კვირეულს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გამართული გალა-კონცერტი დაასრულებს.

Facebook

2019-04-09 - მადლობა თავისუფლებისთვის...

საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ერთდროულად ტრაგედიისა და სიხარულის დღედ შერაცხული სისხლიანი 9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული, სენაკში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გამართული გალა-კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, სხვადასხვა სტრუქტურისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღია ცის ქვეშ გამართულ საღამოზე, რომლის სცენარის ავტორი და წამყვანი გახლდათ მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სპეციალისტი ლია ღვამბერია, რეჟისორი - ვეფხვია გორგოძე, ცენტრთან არსებული სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“ მოცეკვავეები, ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის“ ნორჩი მსახიობები, საესტრადო განყოფილების აღსაზრდელები. ,,კოლხური ტრიოს“ სოლისტის, ბელა ქამადაძისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სპეციალისტის, მომღერალ სალომე ბერიშვილის მიერ შესრულებულმა, 9 აპრილის განუყოფელმა მელოდიებმა, საღამოს მეტი ხიბლი შემატეს. კვირეულისა და გალა-კონცერტის ამაღელვებელმა ბოლო აკორდმა მაყურებლის განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია. მორის ფოცხიშვილის ტექსტზე ჯემალ სეფიაშვილის მიერ შექმნილმა, 9 აპრილის ჰიმნად ქცეულმა უკვდავმა მელოდიამ ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ამჯერად, სცენაზე, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი გააერთიანა. სევდიანი სიამაყით ნამღერმა ერთიანობის საგალობელმა, სიმბოლურად, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტის წინ სანთლებით გამოსახულმა წარწერამ - 9 აპრილი და დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად ცაში აშვებულმა 21-მა ფრანმა, სენაკში, ოცდამეათე 9 აპრილი, დაასრულა.

#9აპრილისენაკში 
#30წელისისხლიანიკვირისმოვლენებიდან
#მადლობათავისუფლებისთვის

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31