სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
78912
1419
212223242527
282930 

2018-10-20 - ,,ეგრისობა 2018’’- ის აღნიშვნა საზეიმო მსვლელობით დაიწყო

,,ეგრისობის’’ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა, დღეს, სენაკის ცენტრალურ ქუჩებში საზეიმო მსვლელობით დაიწყო. 26 წლიანი ინტერვალის შემდეგ, ეს ულამაზესი დღესასწაული უკვე მეხუთედ აღინიშნება სენაკში და ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე, ჩვენი კუთხის ტრადიციების თანამედროვეობასთან შერწყმის მრავალფეროვანი წარმოჩენით მასპინძლობს დღესასწაულის სტუმრებს. საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფების წევრებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა მიიღეს. მსვლელობის შემდეგ, ქალაქის ცენტრალურ პარკში გვირგვინებით შეიმკო საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი. რუსთაველის, მშვიდობისა და რაკვერეს ქუჩებზე საზეიმოდ გაიხსნა სენაკთან დამეგობრებული ქალაქების: რაკვერესა და ბელაია ცერკოვის თემატური აბრები და ,,ბელაია ცერკოვის’’ სახელობის სკვერი. აღსანიშნავია, რომ სენაკში, გასული საუკუნის 70-წლებიდან რაკვერეს ქუჩაც არსებობს. სწორედ ,,ეგრისობის’’ დღესასწაული იქცა ამ მეგობრობის განახლებისა და განვითარების ქვაკუთხედად. სკვერის გახსნას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, საქართველოს საპატიო სტუმრები: უკრაინის ქალაქ ბელაია-ცერკოვის მერი გენადი დიკი, უკრაინის რადის დეპუტატი ხვიჩა მეფარიშვილი, ესტონეთის კონსული საქართველოში იურგი ლოო, ესტონეთის ელჩის თანაშემწე ნატალია ფანჯიკიძე, საქართველო-ესტონეთის მეგობრული ურთიერთობის საინიციატივო ხელმძღვანელი ირინა ჩხიკვიშვილი, უკრაინელი ბიზნესმენები, სენაკის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

Facebook

2018-10-20 - ,,მარულა 2018’’

,,ეგრისობის’’ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის იპოდრომზე, სენაკისა და საქართველოს სხვადასხვა საცხენოსნო კლუბების მონაწილეობით, გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრი ,,მარულა 2018’’, რომელიც ჩატარდა არამატერიალური, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ შემდეგ სახეობებში - ისინდი, ცხენბურთი და მარულა. ,,მარულა-2018’’ ,,ეგრისობის ორგანული ნაწილია და სენაკში მდიდარი საცხენოსნო ტრადიციების აღდგენა-განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სანახაობრივად შთამბეჭდავი შეჯიბრის დასასრულს, გამარჯვებულ ცხენოსნებს ფულადი პრიზები, თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. სენაკის საცხენოსნო კლუბს დიდი ისტორია გააჩნია. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, 1927 წელს ქ.ცხაკაიაში პირველად ჩატარდა დღესასწაული საცხენოსნო სპორტის ეროვნულ სახეობებში: ისინდი, თარჩია ,ცხენბურთი, ჩერეზი,მოქნევა,მარულა,ყაბახი და სხვა. სენაკის იპოდრომი ათწლეულების მანძილზე მასპინძლობდა მასშტაბურ საცხენოსნო შეჯიბრებებს. სენაკის საცხენოსნო კლუბს მიმდინარე წელს 91 წელი შეუსრულდა.

მარულა 2018

🐎➡️აღდგენილი ტრადიციების დღესასწაული - ისინდი, დოღი, ცხენბურთი 👉აქ ისტორია ცოცხლდება! #მარულა2018 #ეგრისობა2018

Facebook

2018-10-20 - ,,ეგრისობის’’ დღესასწაული ნოქალაქევში

ეგრისობის სახალხო დღესასწაული წელს მასშტაბურია და მთელ ქალაქს მოიცავს. დღესასწაულის ძირითადი ნაწილი კი ნოქალაქევში, ციხე-გოჯის ტერიტორიაზე, საგანგებოდ მოწყობილი ეთნოგრაფიული კუთხეების დათვალიერებით დაიწყო. ქართული, უკრაინული და ესტონური ტრადიციების გაცოცხლება, ხალხური რეწვის ნიმუშების, ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა, ხელოვნების ცენტრის ესტონურად და უკრაინულად ამღერებული მოსწავლეები, უამრავი სტუმარი, ესტონელი და უკრაინელი მეგობრები - ,,ეგრისობის“ ერთ-ერთი ულამაზესი შემადგენელი ნაწილი იყო. სტუმრებმა პარმენ ზაქარაიას სახელობის მუზეუმი და ქუჯის ისტორიული ციხე-ქალაქი დაათვალიერეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი მათ ცივილიზაციის უძველესი ცენტრის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა. ,,ეგრისობა“ არამარტო სენაკის, კოლხეთის, არამედ სრულიად საქართველოს დღესასწაულია, ამიტომაც ვართ ჩვენ აქ და ერთად აღვნიშნავთ ჩვენი კულტურისა და ტრადიციების ულამაზეს დღესასწაულს“ - ამ სიტყვებით დაიწყო გალა-კონცერტი, რომელიც ლეგენდარული ,,ქართული ხმების“ სოლისტს, ზურა ბაკურაძეს მიჰყავდა. ასევე სიმბოლურია, რომ გალა-კონცერტი ენგურსიქითა საქართველოს - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა დაამშვენა, რაც ჩვენი არსობრივი, სისხლხორცეული ერთიანობის უწყვეტობაზე და მომავალ რეალურ გამთლიანებაზე მიგვითითებს. მეგრულად ამღერებულმა ,,ქართულმა ხმებმა“, სოფო ბედიამ, ,,კოლხურმა ტრიომ“ და ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,კავკასიონმა“ იქ მყოფთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს. მსმენელთა წინაშე წარსდგნენ ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმატებული მოსწავლეები, საბავშვო და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეოთხე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული, ნომინაცია ,,საუკეთესო სოლისტის“ მფლობელი რატი სიმონია და საქართველოს ,,არტ-აკადემიის“ სტიპენდიანტი გიორგი ცისკაძე. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა სახალხო დღესასწაულის მონაწილეებს ტრადიციულად წარუდგინა სენაკის საპატიო მოქალაქეები. საპატიო სენაკელი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხუთი ადამიანი გახდა, რომელთაც მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით. საპატიო სენაკელის წოდება მიენიჭათ: რეგიონალური, რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსების მრავალგზის ლაურეატს, დამსახურებული და საუკეთესო პედაგოგის წოდებების მფლობელს რუსუდან მილიუტინს; საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, ღირსების ორდენის კავალერს, არაერთი პრემიის ლაურეატს, სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს ვაჟა დანელიას; ცნობილ ექიმს გიორგი (გოგი) კალანდარიშვილს; საქართველოს დამსახურებულ მშენებელს, ღირსების ორდენის კავალერს რაულ ოდიშარიას; ქალაქის კოლორიტს, დამსახურებულ ინჟინერს, ალექსანდე (კუკური) ჩაჩიბაიას. სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე ესტონეთის კონსულმა იურგო ლოომ და უკრაინის ქალაქ ბელაია ცერკოვის მერმა გენადი დიკმა სენაკთან ათწლეულების მჭიდრო და მრავალმხრივ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სიმბოლურად, ესტონეთთან და უკრაინასთან მეგობრობის დასტურსაყოფად, ქორეოგრაფიული ანსამბლების ,,კოლხისა“ და ,,კუჩხიბედინერის“ მოცეკვავეებმა ესტონური და უკრაინული ცეკვები შეასრულეს. ,,ეგრისობა - 2018“ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

,,ეგრისობა 2018''

ეგრისობა 2018''

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31